11/08/2009

საჭირო დროს საჭირო ადგილზე აღმოვჩნდი?

2 კომენტარი:







/Washington/



***
უკანასკნელი ხუთი დღე ვაშინგტონში გავატარე. მმმმ, ძალიან მომეწონა, რაღაცნაირი სიმშვიდე და ზომიერი ხმაური. სამწუხაროდ ვერაფერი ვერ ვნახე, გარდა თეთრი სახლისა და National Geographic-ის მუზეუმისა. მთელი დღეები შეხვედრიდან შეხვედრაზე დავდიოდი, სადილის დროც კი არ მქონდა. გუშნ იყო ბოლო დღე, ისე დავიღალე ფეხები აღარ მემორჩლება, კისერი მტკივა, კუნთები, ენერგია 0... ეს რა იყო:) 8 საათიდან გასული საღამოს 7 საათამდე შეხვედრაზე :(...

თუმცა ორი მნიშვენლოვანი რამ მოხდა.

5 ნოემბერი, 2009 წელი
საღამოს 9.30 გამოვეწყვე და სასტუმროს ფოიეში ჩემი ფოტოკამერიანად წამოვსკუპდი. გარშემო უამრავი ხალხი დადიოდა, სასტუმრო 5 ვარსკვლავიანი იყო, სტუმრებიც შესაფერისი. ყველას განსაკუთრებულად ძვრიფასი სამოსი ეცვათ. ხან ერთს გავაყოლბდი თვალს, ხან მეორეს... გარემომ, სასტუმროს შავ კანიანმა პერსონალმა, სტუმრებმა და აქტიურმა ფუსფუსმა რატომღაც ამერიკული ფილმები გამახსენა...

10-15 წუთი ისევ მქონდა, ჟურნალების თვალიერება უნდა დამეწყო და ჩემი გემრიელი ადამიანიც გამოჩნდა.
ნიკა ვარშავაში გავიცანი, იქ ახლოს ვცხოვრობდით ერთმანეთთან, თითქმის ყოველდღე სულ ერთად ვიყავით. რატომრაც დაემთხვა და პოლონეთი ორივემ ერთ დღეს დავტოვეთ, ის აშშ-სკენ გამოეშურა, მე საქართველოსკენ. და ამ მართალა მშვენიერ საღამოს ვაშინგტონში შევხვდით...

ბედნიერი ადამიანი ვარ... მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში მყავს მეგობრები (და არა ნაცნობები), რომლებიც ჩემთვის ძალიან ახლობლელი ადამიანები არიან. თუმცა ეროვნებას რა მნიშვენლობა აქვს, როცა მეგობრობაზეა საუბარი. მაგრამ სასაცილოა? როდესაც აფრიკელი მეგობარი უფრო მოგენატრება, ვიდრე საკუთარი ბიძაშვილი... ასეც ხდება...

ნიკას შევხვდი, და China Town-ში წავედით. მერე ერთი ხმაურიანი ლუდის ბარი ვიპოვეთ და მენიუს ჯერიც დადგა. ჩვენდა გასაოცრად მენიუში პოლონური ლუდი ვიპოვეთ ''Jywiec''...რაღა თქმა უნდა საღამომ პოლონეთში დაწყებული მეგობრობის გამო, პოლონური ლუდის ფონზე ჩაიარა...

ეს იყო ძალიან თბილ-თბილი და მზიანი საღამო...

6 ნოემბერი, 2009წ

14 სთ სრულდებოდა ერთი მეტად მნიშვენლოვანი ორგანიზაციის მისაღებში რომ ვიყავი. ჩემდა გასაკვირად შეხვედრის დაწყებამდე 10 წუთი ლოდინი მომიწია.
ცოტა ხანში ჩემი მასპინძლებიც (ორი ქალბატონი) გამოჩნდნენ და შეხვედრების ოთახშ გამიძღვნენ.
შეხვედრა ფორმალურად დაიწყო. ფორმალური შეკითხვები, პასუხები და ა.შ.
ცოტა ხანში, ერთი 50 წლამდე მამაკაცი შემოვიდა. არც მკითხა ვინ ვარ, საიდან ვარ... ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, მგონი ეჩქარებოდა... და აი შეკითხვების დასმაც დაიწყო... ძალიან დეტალურ საკითხებზე მისვამდა შეკითხვებს, რომლებიც წესით რიგით, თუნდაც მაღალი თანამდებობის პირს, ამერიკელს არ უნდა აინტერესებდეს... ჩემი თავი ოფიციალურ საკონკურსო გასაუბრებაზე მეგონა.
საუბრის დასასრულს კი ჯადოსნური წინადადება თქვა "არ გინდა ჩვენთან სტაჟირება დაიწყო?"...
ბატონო?????

აი ასე უცებ, სასწაულებრივად, ჰაეროვნად, დაუგეგმავად, სიურპრიზულად, გაუფრთხილებლად, გამაოგნებლად შემომთავაზეს ანაზღაურებადი სტაჟირება...

ანუ,
საჭირო დროს საჭირო ადგილზე აღმოვჩნდი?

მგონი კი....

ჩემს საორგანიზავიო საკითხებს ვაგვარებ და თუ ყვეაფერი მოგვარდა, აშშ-ს სტუმარი უფრო ხანგრძივად ვიქნები ვიდრე ვარ...



10/13/2009

ხუთი სურვილი

0 კომენტარი:



ჯაჭვური პოსტიო...



ამ ფოტოს ვჩუქნი სალომეს




ხოდა პოლსკამდამთაგა და თურმე მეც იგივე უნდა დავწერო, როგორც მივხვდი....
მოკლედ ასე, 5 სურვილი/ოცნება:

1. ჩემი ძმისშვილი ჯანმრთელი მოევლინოს ამქვეყანას და თუ ჩემს ჩასვლას დაელოდება უფრ გამხარებს...
დედიკო მინდა ვნახო ვეებერთელა მუცლით... და მინდა მე წაგიყვანო სამშობიაროში ჩემო პაწაწუნა. უკვე მიყვარხარ, სანამ ჩაისახებოდი მანამდეც მიყვარდი... და შენი ჯანმრთელობა ჩემი #1 სურვილია.


2. მშვიდობით დავბრუნდე თბილისში. რატომ ამეკვიატა ეს აზრი, არ ვიცი მაგრამ, ხანდახან როცა შორს მივდვიარ, სულ მგონია რომ მოხდება რაღაც ისეთი, რომ შეიძლება ვეღარ დავბრუნდე...
მთავარია დავბრუნდე და თანაც მშვიდობით და წარმატებით!


3. საქართველოში საზოგადეობაში ურთიერთდამოკიდებულების ფორმები შეიცვალოს: ხალხმა დაბალი ხმით ისაუბროს. დისკუსია ჩხუბი არ ეგონოთ... ერთმანეთს მოუსმინონ (მათ შორის მეც:)). ერთმანეთის აზრს პატივი სცენ .... ცინიზმი დაინგრეს ... ბოღმისგან გათავისუფლდნენ... იყვნენ გულისხმიერები... და ა.შ.


4. ძალა და ენერგია მომემატოს, რათა ჩემი გეგმები მეტი ძალისხმევით განვახორციელო.... სიზარმაცე, რომელცი მსტუმრობს ხოლმე დავთრგუნო .. და მეტი შემართებით წინ ...

5. ძალიან პირადულსაც მივადექი.. ჰმ რა დავწერო... არ ვიცი.. ჰა გამოჩნდი აბა თუ არსეობ საერთოდ... წარსულში რომ არსებობდი ვიცი მაგრამ... მომავალი ვერ იქნები შენ...



9/12/2009

დავბრუნდი

2 კომენტარი:


თავდაპირველად ბლოგი რომ გავაკეთე, ვიფიქრე რამე დღიურის მსგავსი იქნებათქო,.. მაგრამ სხვა რაღაც გამოვიდა, უფრო კვარტალური.

განვაგრძობ იქიდან სადაც დავასრულე.


საქართველოში ივნისის ბოლოს ჩამოვედი. პირველივე დღეს ცუდი ამბავი დამხვდა ოჯახში. თურმე ჩემი საუკეთესო მეგობარი, ადამიანი და ბებია ძალიან ავად ყოფილა. როდესაც მისი ავადმყოფობის ამბავი გავიგე ბოლო სტადიის სიმსივნე ჰქონდა უკვე.რაღა თქმა უნდა მძიმე იყო ჩემთვსი ამ ამბის გაგება, მაგრამ...
მახსოვს პირველი დღე როდესაც ბებოსთან წავედი სანახავად. ძალიან ცუდად გმაოიყურებოდა, საბედნიეროდ ჯერ ნორმალურად საუბრობდა მაინც, ხოდა ჩვენც ვისაუბრეთ ჩავეხუტეთ და ერთად ვიტირეთ, უსიტყვოდ. ვერაფერი ვუთხარი გარდა ''ოხ ბებო, ამის დედაც, რატომ?''
სხვა ვერაფერი.
მერე ხშირად ვნახულობდი, მაგრამ დრო რომ გადიოდა ძალიან სწრაფად იცვლებოდა მისი მდგომარეობა უარესობისაკენ.
მე კი მისი ნახვა უფრო და უფრო მიჭირდა. მსურდა ჩემს მეხსიერებაში ძლიერი და ლამაზი ქალი დარჩენილიყო.

ივლისი მიიწურა და შვებულება გამოცხადდა სამსახურში.
მალევე ბებო კიდევ უფრო ცუდად გახდა. ვგრძნბდით, რომ ეს მისი ბოლო დღეები იყო.

ძალიან მძმე იყო.
როდესაც მივდიოდი სანახავად, ოთახში შესვლა და ნახვა ძალიან მიძნელდებოდა. თუმცა მაინც თავს ძალას ვატანდი და მიმეღო ეს ყველაფერი ...

ერთ დღესაც მივედი. დედამ უთხრა ჩემზე მოვიდაო. შევედი ოთახში. საწოლზე იჯდა. დედას ეყუდებოდა მხარზე. მე წინ დავჯექი, ხელი მოვკიდე ხელზე. ცივი იყო. ბებოს საუბარი უჭირდა. მეც. მინდოდა საუბარი, სუსულელეები დავიწყე -''ბებო დიეტაზე ვარ'' . ბებომ თვალებით მანიშნა ''ოხ ვიცი მეშენი დიეტა''. მერე განვაგრძე, ისევ სისულელეები - ''ბებო ნახე თმები როგორ გამეზარდა, ნახე როგორ მაქვს შენნაირად დახვეული''. წინ სარკე იყო წამოვდექი. ბებო მიყურებდა. მე ვერ ვუყურებდი თვალებში. მიჭირდა და მეშნოდა. ბებომ ბოლო სიტყვები რაც ჩაილაპარაკა ეს იყო-''ჩემი ლამაზი გოგო''. ხმა არ მახსოვს, ხმით ვეღარ საუბრობდა... ცოტა ხანში წამოვედი.

მეორე დღეს ისევ ავედი...

ეზო ღია დამხვდა ...

ბებო ჩემი საქართველოში ჩამოსვლიდან, თვენახევარში გარდაიცვალა.

თითქოს ველოდი რაც მოხდა. მაგრამ...
ისე მინდოდა მეღრიალა და ვერა... მის საფლავზე განმარტოებისათვის შევინახე მისთვის სიტყვები.. სადაც მე და ის ვისაუბრებდით მარტო, როგორც უწინ ... ღამე როცა ოთახში შემოდიოდა და ვსაუბრობდით ბევრს... მან ყველაფერი იცოდა.. ის ჩემი უახლოესი ადამიანი იყო, მეგობარზე, ბებოზე და ოჯახის წევრზე მეტი...

პანაშვიდების დღეები საშნელება იყო.
უამრავი ხალხი, ყვავლები, საუბრები, სამძმრები და ფორმალობები, რომელიც ძალიან მძულს.

დავბრუნდი სახლში მეც და დედაც.
მარტო
მისი საღამური წამოვიღე, რომელიც ძალიან მიყვარდა, როცა მასთან ვრჩებოდი, მაშინ მაძლევდა ხოლმე.

ძალიან მენატრება.
ხმა და ხელები ყველაზე მეტად.

წუხელ მესიზმრა.
თითქოს ჩემთან იყო სახლში. ოთახიდან გამოვიდა და ფული მომცა ''პენსია ავიღეო'' თან დააყოლა. მერე ისევ დაწვა. მივედი და საწოლშ დავხედე. არ მჯეროდა რომ ნამდვილად ცოცხალი იყო. ხელი დავადე საბანს და დაიჩუტა. თითქოს მისი გამოსახულება იყო მხოლოდ, ფიზიკურად კი არ იყო. მაგრამ
ბებო ჩემთან იყო.


6/06/2009

ეს დღეები

4 კომენტარი:

ეს დღეები რაღაც კარგი რამეები ხდება...

აბა დავიწყოთ...

ორი დღის წინ ინდივიდუალური გრანტის ხელშეკრულებას მოვაწერე ხელი. უსასიამოვნოესი განცდაა! ეხლა რა ხდება ანუ, ივნისის ბოლოს ვარშავაში ვატარებ კონფერენციას და ფოტო გამოფენას. ეს ორივე ერთი ღონისძიებაა, აი ასეთი უცნაური ფორმატია. ფოტოების და კონფერენციის თემა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებია. ჩემი გადაღებული ფოტოები არ გეგონოთ, ეს ფოტოები ბელორუსმა გოგომ გადაიღო და გამოაგზავნა აქ ერთ ოგანიზაციაში, სადაც სტაჟირებაზე ვარ. სწორედ აქედან წამოვიდა პროექტის იდეა, რაზეც უკვე მე გავაგრძელე მუშაობა, რომელიც დამიფინანსა პოლონურ-ამერიკულმა თავისუფლების ფონდმა.

მსგავსი გამოფენა მინსკში უკვე ჩატარდა, მაგრამ იქ მხოლოდ გამოფენა იყო, აქ კი ცოტა სხვა ფორმატია, რომელიც ვფიქრობ უფრო საინტერესო იქნება. თანაც ვმონაწილეობ ერთ საზაფხულო სკოლაში, რომელთა მონაწილეებიც დაესწრებიან ღონისძიებას, კერძდ 22 ქვეყნის 65 მონაწილე. მოკლედ ძალიან გადარბენებში ვარ, მაგრამ კმაყოფილი რომ ამის შესაძლებლობა მომეცა, ჩემთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ეს ძალიან მოკლე და ზოგადი ინფორმაცია და ვრცლად ივნისის ბოლოს.

აა ხო რა უნდა მეთქვა, ფოტოები განსხვავებულია, რადგან მასზე ასახულია მხოლოდ მშვიდობიანი მოქალაქეები, დევნილები რომელბიც დაზარალდნენ ამ კონფლიქტის შედეგად. ანუ აქცნტი იქნება დევნილებზე და არა პოლიტიკურ გადაწყვეტილებებზე და ა.შ. მხოლოდ დევნილები, მათი მდგომარეობა, რა პირობებში არიან, რას სჭირდებათ და ა.შ. ამ პროექტტის მიზანიც ესაა, რომ მოხდეს ახალი პროექტების ინიცირება მათ დასახმარებლად. ვფიქრობ ეს შედეგი დადგება აუცილებლად, რადგან სხადასხვა ფონდები და არასამთავრობო ორგანზაციები დაესწრბეიან ღონისძიებას. სამწუხაროდ უცხოელთა უმეტესობამ საქართველო ომის შემდეგ გაიცნო, და მათ შესაბამისი (უფრო უარყოფითი) წარმოდგენებიც აქვს ჩვენს ქვეყანაზე. ამიტომ, კონფერენციის ბოლოს ჩატარდება პრეზენტაცია თემაზე "რატომ უნდა ვესტუმროთ საქართველოს?". იმედია ამ ყველაფრის შემდეგ მათ ჩვენთან ჩამოსვლი სურვილი ექნებათ, მიუხედავად იმ დაძაბული არეული მდოგმარეობისა რაც ჩვენთან არის.

გუშინ საინტერესო შეხვედრა მქონდა. მინსკიდან ჩემთან შესახვედრად ჩამოვიდა ფოტოების ავტორი, რომელთანაც სხვადასხვა დეტალები დავაზუსტეთ გამოფენისთვის. ისეთი საყვარელი ადამიანია, მადლობა გადამიხადა იმისთვის რომ ამ ყველაფრის ორგანიზება მოვახერხე და შესაბამისი ფინანსებიც მოვიპოვე. მე კი პირიქით მაქვს სამადლობელო, რომ ასეთი საინტერესო რეპორტაჟი მოგვაწოდა. ძალიან უყვარს საქართველო, თვალები ცრემლით ევსებოდა როცა მესაუბრებოდა :(. საღამოს გავაცილე მინსკში და დავბრუნდი სახლში.

მოკლედ აი ამ საქმიანობაში ვარ ამჟამად, იმედია წარმატებით ჩაივლის ყველაფერი.

პ.ს. ძაან არეული წერია ყველაფერი, დეტალები მერე:).

5/31/2009

უბრალოდ დღეს..

3 კომენტარი:

მიუხედავად იმისა, რომ მე და დედას კილომეტრები გვაშორებს, ჩვენ სულ ერთად ვართ. ის მაშინ რეკავს როცა ძალიან მჭირდება, სულ ჩემთან არის. ზამთარში რომ ჩამოვედი წინასწარ არ ვუთხარი ჩამოსვლას, რომ ვაპირებდი, ვიფიქრე სიურპრიზს გავუკეთებთქო. საბლოოდ კი ცუდი სიურპრიზი გამომივიდა. სანამ მე ვარშავიდან კიევში და კიევიდან თბილისში ვმგზავრობდი, დედა თურმე მთელი დღე რეკავდა ჩემთან, ბუნებრივია ინერვიულა კიდეც. მაგრამ, დედა ყველაფერს გრძნობს, რაც შვილს ეხება, თურმე ერთი კი უფიქრია, ეს ჩემი გადარეული შვილი თბილისში ხომ არ წამოვიდაო. ხოდა იმ საღამოს ოჯახს გამოვეცხადე ნამდვილად მე და არა ვირტუალური.

ამ დილით დედას დავურეკე ''Skype''-ში, ისეთი მძაფრსიუჟეტიანი ფილმი მოვუძებნე, მას რომ უყვარს, ბმული გავუგზავნე, დავემშვიდობე დედას და წავედი...

გუშინ უკვე გადაწყვეტილი მქონდა, რომ დღეს საყიდლებზე წავიდოდი, საჩუქრების, პირადი ნივთების და მსგავსი წვრილმანებისთვის. 28 დღეში თბილისში მივდივარ, და აბა ხომ უნდა მოვემზადო.

მოვწესრიგდი და სახლიდან გავედი. ბანკომატში ანგარიში შევამოწმე, ოო, მშვენიერია ამ თვეში ბევრი არ დამიხარჯავს :). ვარშავის გარეუბანში (როგორც თბილისში ლილო:)) ერთი სავაჭრო ცენტრია Fasion House, სადაც ყველაზე იაფი ფასებია. როდესაც ბევრი ნივთების ყიდვა მინდა, იქ მივდივარ და ვყიდულობ. ამ ზამთარს, მაგალითად Mexx -ის ქვედაბოლო 30 ზლოტად ანუ 17 ლარად ვიყიდე. ძაან სასაცილო ფასებია, და ძალიან საყვარელი შენობა აქვს, როგორც ყველა სავაჭრო ცენტრი ესეც ნამდვილი ლაბირინთია.

ჩავჯექი #28 ტრამვაიში, ჩამოვედი 'დვოჟეც გდანსკი''-ს გაჩერებაზე, ჩავედი მეტროში, ვიარე კიდევ 20 წუთი და ამოვედი მეტროდან. ამოვედი მაგრამ, ვეღარ გავედი, ნამდვილი თავსხმა იყო, თითქოს ქვაბებით ასხავდნენ წყალს. საზაფხულო ფეხსაცმელშ და მაისურშ გამოწყობილი ვიყავი და აბა როგორ გავბედავდი წვიმაში გასვლას. დაახლოებით 15 წუთი მეტროს ჩასასვლელთან ვიდექი და ველოდი გამოდარებას. ასეც მოხდა ოდნავ გადაიღო და გავიქეცი, ახლა ავტობუსს უნდა მივუსწრო. ჩავჯექი ავტობუსში, ბილეთიც შევიძინე და მივდივარ. გზაში მეგობარმა დამირეკა, რომელიც საფრანგეთში იყო, და 1 საათით ვარშავის აეროპორტშ მოხვდა, იქიდან კი თურქეთში მიდიოდა. დამირეკა და სანამ მას ვესაუბრებოდი, სავაჭრო ცენტრის გაჩერებას გავცდი. ტელეფონი გავთიშე და უახლოეს გაჩერებაზე ჩამოვედი, გადავედი საპირისპირო მხარეს და ველოდები ავტობუსს. ზუსტად 25 წეუთი ველოდი, რადგან გარეუბანია იშვიათად დადიოდა ის ავტობუსი. როგორც იქნა მივაღწიე მაღაზიამდე, მაგრამ სიურპრიზი კიდე მელოდა, ეზოს კარები დაკეტილი დამხვდა, დაცვაც არსად ჩანდა, როგორც აღმოჩნდა დღეს ისვენებენ. წამოვედი უკან, საათნახევარი ვიარე და საბოლოოდ ასე უშედეგოდ დასრულდა ჩემი საყიდლების ამბავი.

მოვედი სახლთან და ვიფიქრე, მოდი დღეს ბროკოლის სალათას გავაკეთებ და პურსაც მივაყოლებ მეთქი, მაღაზიაში პური არ დამხვდა. მერე ვიფიქრე მოდი პიცას ვიყიდი, და ამ წვიმის მერე, ცხელ შხაპს მივიღებ, გავთბები და გემრიელად ვისადილებთქო. ასეც მოვიქეცი ვიყიდე პიცა და გავცუნცულდი სახლში. ოლია ისევ არ დამხვდა სახლში, ისევ მარტო ვარ, რა კარგია, თავისუფალი ვარ ყველასგან ველაფრისგან.. FREEDOM!

შხაპიც მივიღე, ცოტა გავთბი, პიცაც დავჭერი და მოვემზადე სადილისთვის. ყუთი, რომ გავხსენი და პიცას დავხედე, მაშინვე მივხვდი არ ვარგოდა. ხაჭო იყო ბევრი მოსხმული, და ბეკონი. გემო რომ გავსინჯე მლაშე, საშნლად მლაშე იყო. ისე დამწყდა გული. სადილის მოზადებაც მეზარებოდა... მაგრამ როცა გშია სიზარმაცე გავიწყდება... გავიქეცი, ჩემი ბროკოლი მოვხარშე და ჩავაწყვე არაჟნის სოუსში, და გემრიელად მივირთვი.

  • არ ინერვიულოთ თუ უიღბლო დღე გაქვთ, ეს ცოტა სახალისოცაა.
  • სახლში მომზადებულ კერძს არაფერი სჯობს.

5/27/2009

კეთილი ადამიანები

2 კომენტარი:

გასული კვირა ემოციურად დატვირთული და მძმე იყო. ერთ კონკურსში ვღებულობდი მონაწილეობას, და მიუხედავად უმაღალესი ქულებისა, ჩემს სასარგებლოდ გადაწყვეტილება ვერ მიიღეს. პრინციპში სასარგებლოდ კი არა, ზოგადად ვერ მიიღეს გადაწყვეტილება. ცოტა ნაწყენი და ცოტა დათრგუნული ვიყავი, როდესაც ყველა მოთვნას აკმაყოფილებ ზედმიწევნით და მაინც არაო, და ამას ვერ ხსნიან... სამწუხაროდ საქართველოში ძალიან ბევრ ადგილას არაპროფესინალები ურჩევნიათ მიზეზთა და მიზეზთა გამო. ეს არაფერი, ყველაფერი რაც ცუდი ხდება კარგია, რადგან ის დადებითი სიახლეების წინაპირობაა. ხო, გარდა ამისა, პირადული რაღაცეებიც ამერ-დამიერია, უფრო სწორედ არეულ-დარეული ისედაც იყო, უბრალოდ სავალალო კრახი განვიცადე. ეგეც არაფერი... გამივლის და უფრო გავძლიერდები... სამაგიეროდ ეხლა უფრო ფხიზლად ვარ, ეს კი კარგია...

***

დღეს დილას ფანჯრის ხმამ გამაღვიძა. მთელი ღამე ფანჯარა ღია იყო, თურმე დილით დიდი ქარი ამოქროლდა და ფანჯარაც იმიტომ დარახუნდა. მიუხედავად იმისა რომ გუშინ საშინელი სიცხე იყო, დღეს ძალიან ცუდი ამინდით დაიწყო დილა. ვიფიქრე გამოიდარებს მეთქი და მაისურით წავედი უნივერსიტეტში. თუმცა გამოიდარა კი არა, გალუმპულმა ვიარე მთელი დღე და ძალიან შემცივდა.

ჩემს სახლთან ერთი პატარა მაღაზიაა, როდესაც მეზარება სხვაგან წასვლა და პროდუქტების ყიდვა იქ შევდივარ ხოლმე. მოლარედ ერთი პოლონელი ქალი მუშაობს, დაახლოებით 55 წლის იქნება. როდესაც გაიგო, რომ საქართველოდან ვიყავი ძალიან გაუხარდა, ლამაზი მხარეაო, და სიამოვნებით წავიდოდიო, მაგრამ ჩემს შვილებს ევროპის ქვეყნებში სიარული ურჩევნიათო. მოკლედ მე და ეს ქალბატონი დავმეგობრდით :). დღესაც მივაკითხე მაღაზიას, წვენის და რაიმე გემრიელი სითხის ყიდვა მინდოდა. საერთოდ ძალიან მიყვარს სადილების მზადება, მაგრამ გავზარმაცდი და აღარაფერს ვაკეთებ. ამიტომ ხშირად ვყიდულობ კიტრს და პომიდორს, რადგან სალათის მომზადება ადვილია და 5 წუთი სჭირდება მხოლოდ. დღეს კი არ ვაპირებდი, სასალათე პროდუქტის ყიდვას, რადგან მქონდა სახლში. როგორც ჩანს ამ ქალბატონმა ჩემი მენიუ დაიმახსოვრა, და აი რატომ... სალაროსთან რომ მივედი, ამ პაკეტში ჩალაგებული, დაახლოებით 1 კილო პომიდორი და კიტრი დამიდო დახლზე. ვიფიქრე შეეშალა და ამიტომ ჩამილაგა. ვუთარი რომ არ ვაპირებდი ყიდვას, მან კი მიპასუხა: -არა ეს ისე, შენ წაიღეო, ამის არ გადაიხადოო.

წარმოგიდგენიათ ჩემი გაოცება? ძალიან გამიკვირდა, თბილისშიც კი არავის შემოუთავაზების მსგავსი რამ, არასოდეს! აქ კი სრულიად უცხო ადამიანი ასე მოიქცა. ძალიან, ძალიან გამიხარდა და რაღაცნაირი სასიამოვნო განცდით დავიმუხტე.

ახლა გამახსენდა, კიდევ ერთი შემთხვევა, ისიც არშავაში. საშობაოდ როგორც იცით დიდი ფასდაკლებებია ხოლმე, და საახალწლო ნივთების საყიდლად სავაჭრო ცენტრში წავედი. წვრილმანი რამეები მინდოდა, სათამაშოები და ასეთი ნივთები. ყველაფერი ღირდა 1 ზლოტი, ანუ დაახლოებით 60 თეთრი. ძალიან სასაცილო ფასები იყო, და ხალხის შესაბამისი რაოდენობაც იყო. ავიღე რამდენიმე ნივთი და დავდექი სალაროს რიგში. ერთი ქალბატონი მოვიდა და მთხოვა რიგი დამკავებინა, თან რამდენიმე ჩანთაც დამიტოვა. რამდენიმე წუთის მერე, მოვიდა დატვირთული და ხელში ეკავა სათამაშო - ძროხაზე გადამჯდარი სანტა. ძალიან მომეწონა, ვკითხე კიდევ თუ იყო მსგავსი სათამაშოები და მიპასუხა რომ აღარ არისო. რას ვიზამდი, გადავიხადე ჩემი არჩეული ნივთების ფული და უკვე წამოსვლას ვაპირებდი, რომ ამ ქალბატონმა მომაბრუნა, და ძროხა მომცა. გამიკვირდა რატომ მაძლევდა, და კითხვაზე მიპასუხა: ''ეს ჩემგან სამახსოვროდ, მე კიდევ ვიყიდი სხვა რამეს''. ისეთი გაოგნებული დავრჩი, მხოლოდ მადლობის თქმა მოვასწარი და ის ქალი უკვე აღარ ჩანდა. წამოვედი გაღიმებული და დაკვირვებული, და აბა რა გასაკვირია, რომ ეს სათამაშო ეხლა უკვე ძალიან მიყვარს, და დღემდე დაბრძანებულიასაპატიო ადგილზე :).

ასეა, ხანდახან გხვდება უცხო, მაგრამ კეთილი ადამიანები, რომლებიც სასიამოვნო მოგონებას და განცდას გიტოვებენ.

მადლობა ჩემს ნაცნობ-უცხო მაგრამ კეთილ ადამიანებს.

ეს კი პაწაწუნა ანგელოზები, რომლებიც მაშინ ვიყიდე, როდესაც სანტა მივიღე საჩუქრად.

5/15/2009

როდესაც დავბრუნდები

4 კომენტარი:

დღევანდელი დღე სასიამოვნოდ დამღლელი იყო.

დილას ბიბლოთეკაში მივდიოდი, შუქნიშანზე გადავედი და მესმის საუბარი. შევხედე თითქოს ქართული სახეებია. ჩავუარე, თან სმენა დავძაბე გამეგო რა ენაზე საუბრობდნენ. ვერაფერი გავიგე. მამაკაცები ისე იდგნენ და ათვალიერებდნენ ქერა გოგონებს, აუცილებლად ქართველები არიანთქო, ვიფიქრე. შევედი ბიბლოთეკაში, ჩემი საყვარელი აპარატის კაპუჩინო ავიღე და გამოვედი ნელ-ნელა. ეს ჯგუფი ისევ იქ იყო. გავჩერდი ახლოს, და ვუსმენ, ვფიქრობ, ქართული სიტყვებია? თუ არა... ვერ ვარჩევ. რა დამემართა არ ვიცი. თავადაც გაშტერებულები მიყურებდნენ, ვიფიქრე მივალ და ვკითხავ მეთქი. მივუახლოვდი და ის იყო უნდა მეკითხა, ინგლისური საუბარი მოვისმინე. გამოვბრუნდი და წამოვედი უკან.... მოჩვენებები მაქვს, ალბათ მომნატრა "ლაივი" ქართული, ქუჩაში ემოციური დიალოგები, აქ ეგეთი იშვიათადაა, უფრო მშვიდი ხალხია. და მაინც ქართული საუბარი მომნატრა. დღეს შევნიშნე, პოლონურად დავიწყე ფიქრი. კარგია თუ ცუდი არ ვიცი.

ლექციის მერე ოფისში წავედი, სადაც სტაჟირებას გავდივარ.

იქ ისევ ისეთი მყუდრო, სამუშაო და მეგობრული გარემო დამხვდა.

ძალიან შემიყვარდა ის ხალხი ვინც იქ მუშაობს. ასე კარგად თავი არც ერთ სამსახურში არ მიგვრძნია. განსაკუთრებით ერთი კაცი მომწონს, პატივს ვცემ, ასეთი კარგი ადამიანი იშვიათად მინახავს. ბატონ ადამს ორგანიზაციაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თანამდებობა უკავია. ისეთი უბრალო და საყვარელი ადამიანია, ისეთი გულისხმიერი.

დღეს მკითხა, არ გინდა 2 კვირიან ტრეინინგებში მონაწილეობის მიღებაო? გამეღიმა, არ ველოდი, არა და მაგ პროგრამაზე საქართველოდან წელს 50 ადამიანს ჰქონდა საბუთები წარდგენილი. და მე ასე ადვილად? კმაყოფილმა ვუპასუხე: - სიამოვნებით! საბუთების შეტანის ვადა გასულია უკვე, კონკურსიც დასრულებული ამ ადამიანმა კი მონაწილეთა სიაში ჩამწერა. ასე რომ პოლონეთში ცოტა მეტ ხანს მომიწევს დარჩენა, მაგრამ კარგია...

ამავდროულად ერთ პროექტზე ვმუშაობ, და ცოტა რთულია ჩემთვის უცხო ქვეყანაში ღონისძიებების განხორციელება, აქ კი ყველა მე მეხმარება, და ჩემი სამუშაო მიადვილდება. სასიამოვნო და თბილი ხალხია, როდესაც დავბრუნდები ძალიან მომენატრებიან ყველანი!

5/14/2009

გადაჯდომა-გადმოჯდომა

0 კომენტარი:

ეს გუშინ დაწყო. თუმცა არა ოქტომბერში.

აი ასე:

ოქტომბერში, როდესაც სწავლა დავიწყე ჩემი სახლიდან #122 ავტობუსი დაფრინავდა უნივერსიტეტამდე. 2 თვე მშვიდად ვჯდებოდი და მივყვებოდი უნი-ს კარებამდე. თურმე ეს ბედნიერი ხანა მალე დასრლუებადი ყოფილა.

ერთ მშვენიერ დილას ჩავჯექი ავტობუსში და რაღაც დროის მერე მივხვდი რომ გადუხვია. გადაუხვია და ვიფიქრე იქნებ საცოებბს თავი აარიდათქო. საცობები კი არა და, თურმე მიმართულება შეუცვლია. მერე ჩავძვერი მეტროში ამოვედი ცენტრში, მერე იქ ველოდე 15 წუთ სხვა ავტობუსს და ლექციაზე 30 წუთი დავაგვიანე.

საღამოს ჩავუჯექი ინტერნეტს და სხვა ხერხები მოვნახე წასასვლელად. ვიპოვე კიდეც, ტრამვაი და მერე ავტობუსი ან ტრამვაი, ტრამვაი და მერე ავტობუსი.

ხოდა მას მერე ასე დავდივარ, აგერ უკვე რამდენი თვეა.

და გუშინ იგივე განმეორდა, უფრო სწორედ უარესი.

ჩავჯექი ტრამვაიში და სადაც "გადაჯდომას" ვაკეთებდი ხოლმე, ცნობილ სავაჭრო ცენტრ "არკადიასთან" ჩამოვედი გაჩერებაზე და ველოდები სხვას. ვზივარ... დროის შეგრძნება დავკარგე. ვზივარ და ვფიქრობ. ამ ფიქრებში გართულმა მერეღა მივხვდი, რომ მე-3 მოვიდა იმავე ნომრის ტრამვაი. და მესამემაც რომ ჩაიქროლა მერე მოვედი აზრზე და მივხვდი რაღაც ისე რომ ხდებოდა.

ავდექი და ცხრილს შევხედე, სადაც დიდ ყვითელი ფურცელზე ეწერა, რომ ის ტრამვაი აქ აღარ დადისო:(.

... როგორღაც მივაღწიე ლექციამდე. ჩემი მეგობარი სახლში დავტოვე, და ლექციაზე ჩემზე ადრე მივიდა :). არ ვიცი როგორ მოახერხა, მაგრამ აშკარად ჩემზე გვიან გამოვიდა. ესეც გაოგნდა ლექციაზე რომ არ ვიყავი ჯერ კიდევ მისული :):):). ლექცია კი არა, უფრო სწორედ ფილმის ჩვენება მქონდა პოლონურ ენაზე "მავო მოსკვა"(პატარა მოსკოვი).

დღეს იგივე დამემართა.

მივდივარ ასე მშვიდად, და დამავიწყდა გუშნდელი ცვლილებები.

ისე საშინლად და უაზროდ ვიარე. ტრამვაი, ავტობუსი, ლაბირინთი მიწისქვეშა გადასასვლელი, მერე ისევ ავტობუსი, მერე ფეხით 10 წუთი. როგორც იქნა მივედი, და ლექციაზე სირბილით შევვარდი.

წყნარად ვერ იმგზავრებ, რომ გინდოდეს, ცოტა წაუძნო ან რამე წაიკითხო.

აი ასეთი არეული პოსტი ეკადრება ჩემს არეულ მგზავრობას.

5/12/2009

მიყვარს ის რასაც ვქმნი

4 კომენტარი:

მაღვიძარამ 10 საათზე დარეკა, ლექცია მაქვს, უნდა წავიდე.

მაგრამ ძალიან მიჭირს ძილისაგან თავის დაღწევა, საათს დავხედე და 10:30-ზე დავაყენე მაღვიძარა. 30 წუთით კიდევ გავიხანგრძლივე. დარეკა 30 წუთში, მაინც ვერ ვიღვიძებ. და გადავწყვიტე, რომ არ წავალ ლექციაზე, არ შემიძლია და არ წავალ! ხოდა თავს უფლება მივეცი, მშვიდად დავიძინო.

კარების ჩხაკუნი მოისმა, ჩემი მეგობარი დაბრუნდა, წუხელ კინო ფესტივალზე იყო. მეც მინდოდა წასვლა მაგრამ ვერ მოვახერხე.

12:00სთ-ზე გავიღვიძე, ნელ-ნელა გავემზადე. ჩემი საყვარელი ჩირებიანი გერკულესიც მოვიმზადე, მივირთვი და ტრამვაის გაჩერებაზე ვარ. შეხვედრაზე მეჩქარება, დღეს მნიშვნელოვანი დღეა!

ჰოო ახალი სიურპრიზი, გაჩერებაზე აწერია "#35 - Trasa zmeniona'', ანუ მიმართულება შეიცვალა ამ ნომრის ტრამვაიმ. ვაა ეხლა რით წავიდე, გადაჯდომებით მომბეზრდა ყოველდღე უნივერსიტეტში სიარული, ცენტრში გავდიოდი ხოლმე პირდაპირ და აქც შეცვალეს :(.

სხვა რა გზაა უნდა წავიდე, და 3 ტრანსპორტი გამოვიცვალო. წავედი.

მივედი შეხვედრაზე.

იოანნა ისეთივე საქმიანი იყო, როგორც ყველთვის. მოდური და სასარგებლო მწვანე ჩაიც მომიმზადა და საუბარი ბიუჯეტით დაიწყო, მთხოვა უფრო დააკონკრეტეო.

კიდევ რაღაცეები მკითხა, 1-2 სიტყვით საქართველოზეც მესაუბრა, და მის ისტორიებზე რაც თბილისში გადახდა.

და მერე...

..... მერე კი ჯადოსნური სიტყვები მოაყოლა "My finansujemy ten projekt''- ანუ

ჩვენ გიფინანსებთ ამ პროექტს!

ბატონო? მომესმა? არ მომესმა,

არ მჯერა...

მე ყველაფერი გამომივიდა, უმნიშველოვანესი რამ გამომივიდა!

ძალინ,

ძალიან მიხარია!

ბედნიერი ვარ რომ ეს შევძელი, და გამოვიდა.

55 ადამიანი და მათ შორის მხოლოდ მე. მშვენირია!

ჩემს პროექტს ჰქვია ``Georgia at present: Society, Culture, Traditions``.

'ჩემი პროექტი' - კი 'ჩემი' შესაფერისია, რადგან ყველაფერს მე ვაკეთებ, აქ ყველაფერი ჩემია.

და მე ერთი ჩვეულებრივი ადამიანი მივიღებ პირად გრანტს, ამერიკული ფონდიდან. WOW!

უფრო კონკრეტულად კი, გავაკეთებ ფოტო გამოფენას, რომელიც გადაღებულია გორში, და რომელიც გადაიღო ბელორუსმა გოგომ ლენამ. მან 35 ფოტო დაბეჭდა და გამომიგზავნა. ეს ფოტოები არსად არ დევს, არც ინტერნეტში. და პირველად გამოიფინება აქ ვარშავაში.

გარდა ამისა, ამ გამოფენაზე იქნება დისკუსია საქართველოს შესახებ და კიდევ სხვა რაღაცეებიც...

სასაცილო ის არის, რომ ამ ყველაფერში ჩემი რუსი მეგობარი მეხმარება! ჩვენ ერთად ვაკეთებთ ამას. მიუხედავად იმისა რომ რუსია, ჩვენ მშვენივრად ვთანამშრომლობთ! მას ძალიან უყვარს საქართველო, მიხარია!

და მე ამ ყველაფერს 22 ქვეყანას ვაჩვენებ.

და თქვენც გაჩვენებთ, როდესაც ყველაფერი დასრულდება!

5/03/2009

გდანსკი - ქალაქი ჩრდილოეთ პოლონეთში

4 კომენტარი:



გდანსკი (Gdańsk) — საპორტო ქალაქი ჩრდილოეთ პოლონეთში, პომერანიის სავოევოდოს ადმინისტრაციული ცენტრი.გდანსკი არის ულამაზესი ქალაქი, რომელიც ძალიან ახლოს არის გერმანიის საზღვართან. ვინაიდან წლების განმავვლობაში ქალაქი შედიოდა გერმანიის შემდგენლობაში, მოსახლეობის უმეტესობას შეადგენს გერმანულ ენაზე მოლაპარაკე ხალხი, რომლებიც ქალაქს უწოდებდნენ დანზიგს. მეზობელ ქალაქებს გდინიას, სოპოტსა და გდასნკს (Sopot, Gdynia,Gdańsk) ერთად უწოდებენ “სამქალაქს” (Tricity(ინგლისურად), Trójmiasto(პოლონურად)). 2006 წლის მონაცემების თანახმად გდანსკის მოსახლეობას შეადგენს 458,053 ადამიანი .

ამ ქალაქში ჩაეყარა საფუძველი გაერთიანებას "სოლიდარობას", რომლის ლიდერიც იყო ლეხ ვალენსა (ნობელის პრემიის ლაურეატი მშვიდობის დარგში (1983); 1990—1995 წლებში პოლონეთის პრეზიდენტი). ეს ქალაქი არის აგრეთვე პოლონელი, მაგრამ კაშუბური წამროშობის პრემიერ მინისტრის დონალდ ტუსკის დაბდადების ადგილი.

ყოველ წელს ქალაქს სტუმრობს ათასობით ტურისტი მსოფლიოდან. ქალაქშია არის ულამაზესი ისტორიული მონუმენტები და არის შესაფერისი პირობები დამსვენებელთათვის. განვითარბეული ინფრასტრუქტურა და მოხერხებული ადგილობრივი ტრანსპორტი, უცხოელ ტურისტებს დამატებით კოფორტს უქმნის. რაც შეეხება სასტუმროებს, გარდა იმისა რომ არის პატარა სასტუმრო სახლები, ქალაქში ასევე არის ძვირადღირებული სასტუმროები, ულამაზესი ხედებით.

2008 წლის სექტემბერში პროგრამის ფარგლებში, როდესაც პირველად ჩამოვედი პოლონეთში, წავედი გდანსკში, სადაც მქონდა ათდღიანი საორიენტაციო კურსი. კერძოდ, მიტარდებოდა სხვადასხვა ლექციები პოლონეთის ეკონომიკის, პოლიტიკისა და კულტურის შესახებ. ყველაზე სასიამოვნო კი იყო ის, რომ თითქმის ყოველდღე გვქონდა ექსკურსიები სხვადასხვა სასახლეებში და ქალაქებში.

ჩემი პირველი შთაბეჭდილება კი ჩასვლისთანავე მიიქცია, პატარა ძალიან მყუდრო ვაგზალმა. არ შემიძლია არ გავიხსენო ტაქსის მძღოლი, რომელიც პოლონურად წუწუნებდა, რატომ მქონდა ამდენი ბარგი. ნახევარი არ მესმოდა, მაგრამ მივხდვი რომ მისი გაბრაზების ობიექტი ჩემი უზარმაზარი ჩანთა იყო.

შემდეგი დღეები ჩემთვის საშინლად მიდიოდა, ძალიან ცუდად ვგრძნობდი თავს, რადგან შორს ვიყავი. არ მქონდა კომპიუტერი, ტელეფონით კი ვრეკავდი, მაგრამ ძალიან ძვირი იყო. სავაჭრო ცენტრში დავდიოდი, საიდანაც იაფად ვრეკავდი ხოლმე თბილისში. ჩემს მაშინდელ მესიჯებს რომ ვკითხულობ, ეხლაც მეტირება და მესმის საკუთარი თავის. საბედნიერპოდ 1 კვირის მერე კომპიუტერები დაგვირიგეს, და ბედნიერი გავიქეცი საერთო საცხოვრებელში, რომ დედასთან დამერეკა. სამწუხაროდ ოთახში ინტერნეტი არ აღმოჩნდა, ამიტომ ახლოს მდებარე მაგდონალდში დავიწყე სიარული საღამოობით, საიდანაც ვესაუბრებოდი ხოლმე ახლობლებს. ხშირად, როდესაც კომპიუტერი ჯდებოდა, კომპიუტერს დახლთან მდებარე ჩამრთველში ვაერთებდი და კაბელი სარეცხის თოკივით იყო ხოლმე გაჭიმული. შემოსულების სახე უნდა გენახათ, გაოცებულები მიყურებდნენ, და ბოდიშის მოხდით ძვრებოდნენ ხოლმე ქვეშ. ჩემი მძმე ლეპტოპის თრევა ცალკე თემაა, თუმცა როგორც იტყვიან ნაჩუქარ კომპიუტერს კბილს არ უსინჯავენო. ბევრს აღარ გავაგრძელებ და ვიტყვი, რომ მე ეს ქალაქი ძალიან მომეწონა, და თუ კი მოვახერხებ აუცილებლად წავალ დასასვენებლად ახლობლებთან ერთად. ბოლოს უნდა აღვნიშნო, რომ გდინიაში შესაძლებელია შეიძინოთ ულამაზესი ქარვის სამკაულები, მითუმეტეს რომ გდანსკის ქარვა ბალტიის სანაპიროზე განსაკუთრებულია. გარდა სამკაულებისა და სხვა სუვენირებისა, აქ შეგიძლიათ შეიძინოთ ქარვის ნათურები. სამკაულები კი მართლაც ულამაზესია, და ფასები არც ისე ძვირი, ასე რომ თუ როდისმე მოხვდებით პოლონეთში, ქარვის სამკაულებისთვის ცოტაოდენი თანხა ბიუჯეტში გაითვალისწინეთ.

სულ ეს არის გდასნკის და ჩემი მოგზაურობის შესახებ, მცირეოდენი ინფორმაცია. დაწვრილებით კი ეს ბმულები გამოგადგებათ:

1.ყველაფერი გდანსკის შესახებ

2.პოლონური გამოცდილება და ქართული სინამდვილე;

3.უმცირესობების განათლებისა და კულტურის პრობლემები საქართველოში და პოლონური გამოცდილება;

4.სასტუმროები გდანსკში;

5.ქარვის ლამფები;

6.მხოლოდ ფოტოები.

ახლა კი შემოგთავაზებთ ფოტოებს, რომლებიც ჩემი იქ ყოფნისას გადავიღე.

-სოპოტი

- მე და ქუჩა - ქარვის ერთგვარი პატარა სავაჭრო ცენტრი (გდინია).

- ძველი ქალაქის ცენტრში

-ძველი ქალაქი

- ქარვის მინიატურული სასახლე

5/01/2009

მზეო, მზეო

7 კომენტარი:
1 მაისი, 2009 წელი
გილოცავთ შრომის საერთაშორისო დღეს.
გეშრომოთ და გეშრომოთ, რა თქმა უნდა შესაბამისი ანაზღაურებითურთ. თქვენს შრომა კი, თქვენთვის სასიამოვნო ყოფილიყოს. დაზღვევის კარგი პაკეტი და სხვა სოციალური გარანტიების ნაკლებობა არ გეგრძნოთ. 
ესეც ასე, სადღეგრძელოსავით კი გამომივიდა. 

დღევანდელი დღეც ჩვეულებრივად დაიწყო, თუმცა ერთი მნიშვნელოვანი დეტალი იყო - არაჩვეულებრივი ამინდი. ამინდი კი ჩემს და ალბათ თქვენს განწყობილებასთანაც მჭიდრო კავშირშია. მსიამოვნებს, როდესაც ფანჯრიდან ვიყურები, გადამწვანებულ და გახალისებულ გარემოს ვხედავ. მომბეზრდა დათოვლილი, გახუნებული და საშინლად მოღუშულ გარემო.
 
აქვე ახლოს მდებარეობს დიდი და ლამაზი პარკი. ბავშვებისთვისაც და უფროსებისთვისაც სასიამოვნო დასასვენებელი გარემოა. გადამწვანებული და გადაფერადებულია ურგვლივ ყველაფერი. ეხლა ვერ ვიხსენებ და მგონი არც არის თბილისში მსგავსი პარკი, მითუმეტეს გარეუბნებში. პატარა სკვერებს კი აკეთებს ჩვენი ქალაქის მთავრობა, მაგრამ მგონი ეგ ძაან ფორმალურია. ააშენებ პაწაწუნა სკვერს და ეყოფა ამდენ მოსახლეობას? არა. კარგი იქნებოდა ლამაზ-ლამაზი პარკები იყოს ქალაქში, რათა გამოსასვლელ დღეებში, თუ ქალაქგარეთ ვერ გადიხარ, გაისეირნებ და დაისვენებ. მითუმეტეს, რომ ჩვენი ჰავა და ბუნებრივი პირობები იძლევა ამის საშუალებას.
1 მაისი აქ გამოსასვლელი დღეა, უნივერსიტეტში ვისვენებ, სტაჟირებაზეც ვისვენებ და თავისუფალი დროც მაქვს. 
ვინაიდან, ჩემი "ოჯახის წევრებიც" ისვენებდნენ, შუადღით, როდესაც მზე განსაკუთრებით მწველი და სასიამოვნო იყო, პარკში მოვაწყვეთ მშვენიერი გასვლა. 
მოგვიანებით კი სახლში განტვირთულები და მზით გაჯერებულები დავბრუნდით.

ეს ფოტორეპორტაჟი კი დღევანდელი სეირნობის შედეგია.

p.s. პირველ ფოტოზე მე, ხოლო შემდეგზე კი ჩემი "ოჯახის წევრები":). 






  









4/28/2009

ქართველების შეკრება

0 კომენტარი:
2009 წლის 18 აპრილი სასიამოვნოდ დაიწყო, თბილისიდან კარგი სიახლე შემატყობინეს, ჩემი უახლოესი ადამიანი თურმე ფეხმძიმედაა. ძალიან გამიხარდა და ამ კარგი განწყობით დაიწო ჩემი დღე.

ამ დღეს, ვარშავაში მცხოვრები რამდენიმე ქართველი ჩემთან შეიკრიბა წინასააღდგომოდ. მოვამზადეთ ქართულად ქართული ლობიო და კიდევ სხვა წვრილმანი სალათები და რამეები. ქართულად იმიტომ აღვნიშნე, რომ აქ ლობიოს ქართულ რესტორნებში სუპის სახით აკეთებენ. როგორც მზარეულებმა ახსნეს, თურმე ასეთ მძიმე საჭმელებს აქაური ხალხი მიჩვეული არ არიანო.
სუფრაც გაიშალა, სტუმრებიც მოვიდნენ. საფერავიც გაჩნდა მაგიდაზე, კვერცხებიც შეიღება, მანიკურით მაგრამ მაინც. კათოლიკური კალენდრით აღდგომა 1 კვირით ადრე იყო, ამიტომ მაღაზიაში საღებავი აღარ იყიდებოდა.

ღამე კი მე რუსულ ეკლესიაში შევხვდი აღდგომას, აი აქ (ბმული).

გაგრძელება ამ "ღონისძიების" იხილეთ განთავსებულ ვიდეოში.


Untitled from afterwords on Vimeo.

4/18/2009

გასეირნება "ბემოვო" პარკში

0 კომენტარი:
2009 წლის 17 აპრილი

მთელი დღე ლექციებზე ვიჯექი. საღამოსკენ კი გასეირნება მოვაწყვეთ.

ბევრს აღარ გავაგრძელებთ და იხილეთ ვიდეო.

P.S. აი ასე მოკლედ და არა კონკრეტულად, არამედ ლაკონურად.


Untitled from afterwords on Vimeo.

4/06/2009

მოგზაურობა კრაკოვში

0 კომენტარი:


გავაგრძელებ პოლონეთის თემას და მოკლედ კრაკოვში მოგზაურობის შესახებ მოგითხრობთ. პროგრამის ფარგლებში ორ თვეში ერთხელ მაქვს საინტეგრაციო შეხვედრები. ამ შეხვედრების მიზანია ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნების წარმომადგენელთა ინტეგრაცია. კერძოდ, სტუდენტები, რომლებიც ცხოვრობენ პოლონეთის სხვადასხვა ქალაქებში, და არიან ამავე პროგრამის მონაწილეები ვიკრიბებით ერთ ქალაქში. შეხვედრების დროს იმართება ლექციები, პრეზენტაციები, და ექსკურსიები.

2009 წლის 4 მარტს გაიმართა მორიგი საინტეგრაციო შეხვედრა. ვარშავიდან დილით 10 საათზე გავედით. მატარებელი როგორც ყოველთვის კომფორტული და მგზავრობაც სასიამოვნო. გზაში შემთხვევით ერთი ქართველი ჟურნალისტი გავიცანი, რომელიც ასევე კრაკოვში მიდიოდა. ეს ქალბატონი მთელი გზა გაუჩერებლად საუბრობდა, არა და როგორ მიყვარს მატარებლით მგზავრობა, მუსიკის მოსმენა... ასე საუბარ-საუბარში ჩავედით კარკოვში. ჩავსხედით ავტობუსში და გავემგზავრეთ იაგელოუნის უნივერსიტეტში. სადაც დაგეგმილი იყო სადილი, რის შემდეგაც სააქტო დარბაზში გაიმართა ლექცია. ლექცია ძალიან საინტერესო იყო, თემა პოლოტიკურ საკითხებს ეხებოდა, კერძოდ კი საუბარი იყო ევროკავშირზე და წევრ სახელმწიფოებზე. პრფესორმა კითხვაზე, აქვს თუ არა შანსი გახდეს ევროკავშირის წევრი გვიპასუხა: “თეორიულად აქვს.... თუმცა გეოგრაფიული მდებარეობა, პოლიტიკური მდგომარეობა და ა.შ. დიდი პრობლემაა....”.

ლექცია რომ დასრულდა უკვე საღამოს 6 საათი იყო, და ყველანი გავემგზავრეთ სასტუმრო “არტურ”-ში. სამწუხაროდ ამ დღეს კრაკოვი ვერ დავათვალიერე. სასტუმროც ქალაქიდან საკმაოდ მოშორებით იყო, და გვიან ქალაქში გამოსვლის სურვილიც კი აღარ მქონდა. მოვთავსდით ჩვენს ნომრებში და ვახშმის დროც დადგა. არ შემიძლია არ აღვნიშნო, რომ ასეთი შეხვედრები “კარგი” საშუალებაა წონაში დაკლების. დიდი ხანია დღეში 3-ჯერ კვების რეჟიმი აღარ მაქვს, ამ დროს კი ფორმატი მოითხოვს ხოლმე. მეც ფორმატის შესაბამისად ვივახშმე. მერე კი ჩემს ოთახში წავედი. მოგვიანებით სტუმრად მეწვია ერთი ადამიანი, წარმოშობას არ დავასახელებ, და გვიანობამდე ჩემს ნომერში იჯდა. ნუ როგორც ხდება ხოლმე, მოკითხვები, მერე ამბების მოყოლები და ა.შ. ეჰჰ! არა და როგორ მეძინებოდა. მთავარი “ნეტარება” იმ საღამოს იყო ის, რომ ჩემს სტუმარს მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი ეცვა. როგორც ჩანს დაიღალა და გახდა გადაწყვიტა, გაიხადა და..... ნეტავ არ გაეხადა :( . მისი წყალობით მთელი საღამო სურნელოვან გარემოში გავატარე.

გათენდა მეორე დღეც. საუზმე 8 საათზე იყო დაგეგმილი, შესაბამისად 7-ზე ხომ მაინც უნდა გავიღვიძო. მე კი გადავწყვიტე და საუზმე უარი ვთქვი, და გავაგრძელე მშვიდი ძილი. 9-ს ნახევარზე კი უკვე “ვიელიჩკში” მივდიოდათ სადაც მიწისქვეშა მუზეუმი უნდა გვენახა.
როგორც იქნა ავდექი, გავემზადე, მაგრამ მე და ჩემი ოთახის ბინადარი საუბარს შევყევით და დავაგვიანეთ :(. არა და არ მიყვარს როდესაც სადმე ვაგვიანებ. პუნქტუალურობის ჩემპიონატი რომ იყოს პირველ ადგილს აუცილებლად ავიღებდი (ამბიციური ვარ :) ). როდესაც ეზოში ჩავედით, ყველა ჩვენ გველოდებოდა. ძალიან გამიკვირდა, რომ გველოდებოდნენ, რადგან აქ არავინ გელოდება, როგორც წესი. თუ მიხვალ დანიშნულ დროს ხომ კარგი, თუ არა და ლოგიკით “რატომ უნდა ვალოდინოთ და შევაწუხოთ სხვა ადამიანები კონკრეტული ადამიანის გამო?”, არასოდეს არ იცდიან 5 წუთიც კი.
ერთი ასეთი შემთხვევაც იყო. სექტემბერში ერთმა ყაზახმა გოგონამ ბარგი დაგარკა, და საზაფხულო ფეხსაცმლით ჩამოვიდა პოლონეთში. ის იყო ავტობუსში უნდა ჩავმსხდარვიყავით და ის ერთადერთი ფეხსაცმელიც დაეხა. სანამ მეორე გოგომ სხვა

ფეხსაცმელი მოუტანა, ავტობუსი წავიდა :(.

როგორც იქნა ჩავედით ვიელიჩკიში (Wieliczki). მუზეუმი 120 მეტრზე მეტ სიღრმეზეა. დაახლოებით 50 სართული დაბლა ჩავედით. ხის ვიწრო კიბეები იყო, რომელიც არა და არ მთავრდებოდა. როდესაც ჩავედით, ყველანი მერე დავფიქრდით უკან ამოსვლის შესაძლებლობებზე და სურვილზე :). საბედნიეროდ ჩვენმა ხელმძღვანელმა დაგვამშვიდა ლიფტი მუშაობსო. დავმშვიდდით და განვაგრძეთ დათვალიერება..

ეს კი მუზეუმში გადაღებული ფოტოები, მეორე ფოტოზე კი ეკლესიაა, რომელიც იმავე სიღრმეზეა და წყალზეა.

საინტერესო სანახაობა იყო. სამწუხაროდ სიბნელის გამო ყველა ფოტო უხარისხო გამოვიდა. ამ მუზეუმის შესახებ კი დეტალური ინფორმაცია დევს ამ ბმულზე: www.muzeum.wieliczka.pl

საღამოც საინტერესო იყო, რადგან ეროვნული სიმღერების დღე იყო, და ჩვენც ქართველები ვინც ვიყავით ვიმღერეთ. თუმცა საინტერესო იყო, “კონცერტის” მეორე ნაწილი, როდესაც ჩვენმა ქართველმა მონაწილემ პოლონურად ძალიან ლამაზად იმღერა.

მესამე დღეს კი საბედნიეროდ დღის წესრიგით გათვალისწინებული იყო ძველი ქალაქის დათვალიერება.

სამწუხაროდ ასეთი გასვლების დროს, ნაკლები დრო მაქვს ფოტოების გადასაღებად, და ნორმალურად დასათვალიერებლად. ამიტომაც, ჩემი ფოტოები ძირითადად არ გამოირჩევა ორიგინალურობით. სწორედ ფოტოების გადაღების გამო ჯგუფს ჩამოვრჩი და საბედნიეროდ მალე ვიპოვე :). კრაკოვის სილამაზეზე და განსაკუთრებულ გარემოზე არაფერს დავწერ, რადგან ამის შესახებ ისედაც ყველამ იცის. ერთი მინდა აღვნიშნო კარკოვში განსაკუთრებულია ამინდები, რადგან პოლონეთის სამხრეთით არის და ყოველთვის შედარებით თბილა ვიდრე სხვა ქალაქებში. ეს კი ძალიან დიდი დადებითი მხარეა.

ესეც რამდენიმე ფოტო ძველი ქალაქიდან.

დღის ბოლოს ვახშამი გვქონდა, ძალიან ლამაზ პატარა რესტორანში. მაგრამ არა ამ ქართულ რესტორანში, რომელიც ძველ ქალაქშია. როგორც მითხრეს რამდენიმე ქართული რესტორანია კრაკოვში.


გამგზავრებამდე კი სადგურში ჩემი ქართველი მეგობრის შვილს შევხვდი, რომელიც იაგელოუნის უნივერსიტეტში სწავლობს. სამწუხაროდ მატარებელი მალე დაიძრა და სულ 10 წუთით ვნახეთ ერთმანეთი. დავემშვიდობე და მოვთავსდი ჩეს ადგილზე, უცნაური გრძნობა მქონდა, სევდიანი თითქოს, ალბათ იმის გამო რომ ქართველს შევხვდი. საერთოდ პოლონელები სიმაპტიური ხალხია, თუმცა ეს ქართველი ბიჭი ისე გამოირჩევა თავისი ეშხიანი და განსხვავებული გარეგნობით პოლონელებისგან, რომ სიამაყის გრძნობა დამეუფლა.

ასე დასრულდა ჩემი მოგზაურობა კრაკოვში. მაისში ლუბლინში მივდივარ, თუმცა ზამთარში უკვე ვიყავი, და მომეწონა. მაგრამ მე მაინც ყველაზე ძალიან გდანსკი მომწონს, ქარვის ქალაქია, ნამდვილი ზღაპარი. საერთოდ კი პოლონური ქალაქები საკმაოდ განსხვავდება ერთამეთისგან, და ყველა გამორჩეული და რაც მთავარია მოვლილია. ე.წ. “ძველი ქალაქი” თითქმის ყველა დიდ ქალაქშია, რაც ტურისტებისთვის სასიამოვნო და საინტერესო ადგილია დასათვალიერებლად. ეჰ, საქართველოშიც რომ ასე იყოს ...


მგონი ურიგო არ იქნება, რამდენიმე ჩემი ფოტოც დავდო კრაკოვში გადაღებული. ბოლო ფოტო კი ზუსტად მაშინ არის გადაღევული, როდესაც ჯგუფს ჩამოვრჩით მე, ერთი ქართველი და ყაზახი გოგო. ბოლოს კი ფასებია, ანუ რა ღირს მოგზაურობა კონკრეტულ ქვეყნებში, ფასები მოცემულია ზლოტებში. აქედან მოგზაურობა ძალიან იაფია, განსხავებით საქართველოსგან :( .



ესეც ვიდეო,რომელიც ვახსენე. პოლონური სიმღერა ქართველის შესრულებით

Untitled from afterwords on Vimeo.

4/04/2009

- ქართველები პოლონეთში

8 კომენტარი:

- დაახლოებით 8 თვეა ვარშავაში ვცხოვრობ. ამ ხნის განმავლობაში, პოლონელებისგან ქართველების მიმართ ვგრძნობ ძალიან დადებით და გულისხმიერ დამოკიდებულებას. პირველად როდესაც შევედი ჩემი პოლონელი კოორდინატორის კაბინეტში, ჩემი ყურადღება ინტერიერმა მიიქცია. ოთახში კედელზე გამოკრული იყო თბილისის და ვარძიის ფოტოები, და თვალსაჩინო ადგილას განთავსებული იყო მხოლოდ ქართული დროშა. ეს იყო ძალიან სასიამოვნო განცდა.

ბოლო პერიოდში (განსაკუთრებით აგვისტოს მოვლენების შემდეგ) პოლონეთში უამრავი საქველმოქმედო და კულტურული ღონისძიება იმართება, ქართველების მხარდასაჭერად. რაც რა თქმა უნდა ძალიან სასიამოვნოა. ერთ-ერთი ასეთი საქველმოქმედო ღონისძიების მონაწილე მეც ვიყავი, ომის დროს დაზარალებულთა დასახმარებლად ჩატარდა ქართულ-პოლონური კონცერტი და შეგროვდა თანხა. დიდი მადლობა მათ ასეთი გულისხმიერებისა და კეთილგანწყობისათვის.

წინამდებარე სტატია ამონარიდია ამბროსი გრიშიკაშვილის წიგნიდან "ქართველები პოლონეთში", რომლის ელექტრონულ ვერსიასაც შემთხვევით წავაწყდი.


ქართველები პოლონეთში

"ალბათ ძნელია ორი ისეთი ქვეყნის მოძებნა, რომელთა ისტორიაცა და თანამედროვეობაც ისე ჰგავდეს ერთმანეთს, როგორც პოლონეთისა და საქართველოსი.

პოლონეთ-საქართველოს პოლიტიკური, ეკონომიკური (ძირითადად, სავაჭრო) თუ კულტურული კავშირ-ურთიერთობები საუკუნეთა სიღრმიდან იღებს სათავეს. ამ დროის განმავლობაში როგორც პოლონელებმა საქართველოში (განსაკუთრებით XIX საუკუნესა და XX საუკუნის დამდეგს), ასევე ქართველებმა პოლონეთში (განსაკუთრებით XX საუკუნეში), წარუშლელი კვალი დატოვეს. ჯერჯერობით, როგორც საქართველოში მოღვაწე პოლონელების, პოლონეთში მოღვაწე ქართველების ღვაწლი და ძალისხმევა ერთ მთლიანობაში შეუსწავლელი და დაუფასებელია.
შეიძლება ითქვას, რომ სპარსეთის, თურქეთის, გერმანიის, რუსეთის და საფრანგეთის გარდა, არც ერთ ქვეყანაში არ ყოფილა ისეთი სერიოზული, მრავალრიცხოვანი და გავლენიანი ქართული ემიგრაცია, როგორც პოლონეთში იყო.
1921 წლამდე პოლონეთის ქართული ემიგრაცია, როგორც ასეთი, თითქმის არ არსებობდა. უფრო სწორად, იგი რამდენიმე კაცს ითვლიდა. კერძოდ, ესენი იყვნენ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ელჩი პოლონეთში, თავადი გიორგი სიდამონ-ერისთავი და მისი რამდენიმე მხლებელი, ანუ ის ადამიანები, რომლებიც შემდგომში უდიდეს წვლილს შეიტანენ ვარშავის ქართული კოლონიის განვითარების საქმეში. მათგან კი განსაკუთრებით უნდა გამოვყოთ ალექსანდრე გოძიაშვილი და სერგო ყურულიშვილი.
ამ რამდენიმე ადამიანმა ვარშავაში ჩამოაყალიბა ქართველთა კომიტეტი, რომელსაც ერისთავი ჩაუდგა სათავეში. კომიტეტი არსებობდა 1921 წლამდე, ანუ საქართველოს მიერ დამოუკიდებლობის დაკარგვამდე და თავად სიდამონ-ერისთავის მიერ ვარშავის დატოვებამდე.

პოლონეთის მიერ დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ (1920 წლის ოქტომბერში) ვარშავაში მცხოვრებმა და მოსწავლე ქართველებმა ჩამოაყალიბეს საქართველო-პოლონეთის კლუბი, რომლის ხელმძღვანელიც იყო სერგო ყურულიშვილი, ხოლო მისი გარდაცვალების შემდეგ ამ ფუნქციას ასრულებდნენ იოსებ სალაყაია, ალექსანდრე გოძიაშვილი და კონსტანტინე იმნაძე. აღნიშნული ორგანიზაციის მიზანს წარმოადგენდა საქართველოსა და პოლონეთის შორის ინტენსიური ეკონომიკური და კულტურულ-საზოგადოებრივი ურთიერთობების დამყარება. კლუბი პოლონეთის საზოგადოებისათვის საქართველოს გაცნობის მიზნით აწყობდა ლექცია-სემინარებს, სადღესასწაულო საღამოებს, ბეჭდავდა ჟურნალებს, ბუკლეტებს და ა.შ. იგი მატერიალურ დახმარებას უწევდა ქართველ ემიგრანტებს და მათ ოჯახებს, კერძოდ, მან გამოსცა ჟურნალები “პრო გეორგია”, “პრო პატრია”, შოთა რუსთაველის 750 წლისთავთან დაკავშირებით გამოუშვა ბროშურა “შოთა რუსთაველი” (ვარშავა, 1938 წელი). მანვე გამოსცა ფრანგულიდან მარიამ ცოტაძის მიერ თარგმნილი პარიზის ქართული ემიგრაციის შრომების კრებული სათაურით “საქართველო”. ამ წიგნის დაბეჭდვის მიზანს, როგორც ეს მის შესავალში წერია, წარმოადგენდა საქართველოს ადგილის და როლის წარმოჩება ახლო აღმოსავლეთში და ასევე საქართველოს ისტორიისა და მის წინაშე მდგარი პრობლემების მკითხველისათვის გაცნობა.
მეორე მსოფლიო ომის შემდგომი პირველი პერიოდი პოლონეთში დარჩენილი ქართველებისათვის უაღრესად მძიმე იყო. მათ ყოველ წამს ელოდათ რეპრესიები. ამისათვის საკმარისი იყო თუნდაც უბრალო ნათესაური კავშირი ქართველ საკონტრაქტო ოფიცრებთან. ზოგიერთი მათგანი ათეული წლობით იმალებოდა ყალბი პირადობის დამადასტურებელი საბუთებით.

სიტუაცია შეიცვალა 1956 წლის მოსკოვის მოვლენების შემდეგ. პოლონეთში მცხოვრებმა ქართველებმა შედარებით ნორმალური ცხოვრება დაიწყეს. დროდადრო საქართველოსთან დაკავშირებულ მნიშვნელოვან (ძირითადად, კულტურულ) მოვლენებსაც ჰქონდა ადგილი. მაგალითად, 1959 წლის ოქტომბრის ბოლოსა და ნოემბრის დასაწყისში ვარშავაში ჩატარდა საქართველოს კულტურის დღეები, 1960 წელს მოეწყო იგორ სიკირიცკის მიერ თარგმნილი შოთა რუსთაველის “ვეფხვისტყაოსანის” პრეზენტაცია, ხოლო 1966 წელს შოთა რუსთაველის დაბადების 800 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო ღონისძიებები.
სამოციან და სამოცდაათიან წლებში ვარშავის, ლოძისა და ვროცლავის უნივერსიტეტებში კვალიფიკაციის ასამაღლებლად მრავალი ქართველი პროფესორ-მასწავლებელი იმყოფებოდა.

80-იანი წლების ბოლოსა და 90-იანი წლების დასაწყისში პოლიტიკური კლიმატის ცვლილებებმა მნიშვნელოვანი ბიძგი მისცეს პოლონეთში მცხოვრები ქართველების გააქტიურებას. ლოძის ქართველთა თაოსნობით 1991 წლის 30 სექტემბერს შეიქმნა საქართველო – პოლონეთის საზოგადოება, რომელმაც თავს იდო პოლონეთში მეორე მსოფლიო ომამდე არსებული ქართველ-პოლონელთა კლუბის ტრადიციების გაგრძელება.

საქართველო-პოლონეთის საზოგადოებას შექმნის დღიდან სათავეში ედგა 1998 წლის სექტემბერში გარდაცვლილი იეჟი არონიშიძე, ვარშავის დაცვის გმირის მაიორ არტემ არონიშიძის ვაჟიშვილი. სწორედ ეს ორგანიზაცია უშვებს 1991 წლიდან ყოველწლიურ ჟურნალ “პრო გეორგია”-ს. ჟურნალის რედაქტორები იყვნენ დავით ყოლბაია და ანჯეი ვოზნიაკი. ამჟამად მისი რედაქტორია ისტორიკოსი, პროფესორი დავით ყოლბაია.

1995 წლის დეკემბერში საქართველო-პოლონეთის საზოგადოების ვარშავის ჯგუფმა დააფუძნა ,,ქართველთა კლუბი - 1920”. კლუბის მიზანია გააგრძელოს ის ტრადიციები, რომელიც გააჩნდა მეორე მსოფლიო ომამდე პოლონეთში მოქმედ ანალოგიურ კლუბს.
პოლონეთ-საქართველოს ურთიერთობებში ასევე ნამდვილად ღირსშესანიშნავი მოვლენა იყო 1995 წელს ძველი ქართული ლიტერატურული ძეგლის ,,მოქცევაი ქართლისაი”-ს თარგმნა და გამოცემა ვარშავის უნივერსიტეტის პროფესორის დავით ყოლბაიას მიერ.

პოლონეთ-საქართველოს ურთიერთობების შესწავლის სფერო განსაკუთრებით გაამდიდრა 2000 წელს ჟურნალ ,,პრო გეორგია”-ს ყოფილი რედაქტორის, ისტორიკოსის, პროფესორის ვოიცეხ მატერსკის მიერ ისტორიული ნაშრომის ,,გრუზია”-ს გამოცემამ, სადაც მნიშვნელოვანი ადგილი აქვს დათმობილი აღნიშნულ ურთიერთობებს.

განსაკუთრებულია პოლონეთის მთავრობის, პოლონელი ხალხის კეთილი ნება, რამაც თავშესაფარი მისცა ქართველ ემიგრანტებს გასული საუკუნის 20-იან წლებში, დღეს კი პოლონეთი საქართველოს მეგობარ, მის მხარდამჭერ ქვეყნებს შორისაა."

(მასალა მომზადებულია ამბროსი გრიშიკაშვილის ნაშრომის "ქართველები პოლონეთში" მიხედვით)

 

შეიყვარო Template by Ipietoon Blogger Template | Gift Idea