5/27/2009

კეთილი ადამიანები

გასული კვირა ემოციურად დატვირთული და მძმე იყო. ერთ კონკურსში ვღებულობდი მონაწილეობას, და მიუხედავად უმაღალესი ქულებისა, ჩემს სასარგებლოდ გადაწყვეტილება ვერ მიიღეს. პრინციპში სასარგებლოდ კი არა, ზოგადად ვერ მიიღეს გადაწყვეტილება. ცოტა ნაწყენი და ცოტა დათრგუნული ვიყავი, როდესაც ყველა მოთვნას აკმაყოფილებ ზედმიწევნით და მაინც არაო, და ამას ვერ ხსნიან... სამწუხაროდ საქართველოში ძალიან ბევრ ადგილას არაპროფესინალები ურჩევნიათ მიზეზთა და მიზეზთა გამო. ეს არაფერი, ყველაფერი რაც ცუდი ხდება კარგია, რადგან ის დადებითი სიახლეების წინაპირობაა. ხო, გარდა ამისა, პირადული რაღაცეებიც ამერ-დამიერია, უფრო სწორედ არეულ-დარეული ისედაც იყო, უბრალოდ სავალალო კრახი განვიცადე. ეგეც არაფერი... გამივლის და უფრო გავძლიერდები... სამაგიეროდ ეხლა უფრო ფხიზლად ვარ, ეს კი კარგია...

***

დღეს დილას ფანჯრის ხმამ გამაღვიძა. მთელი ღამე ფანჯარა ღია იყო, თურმე დილით დიდი ქარი ამოქროლდა და ფანჯარაც იმიტომ დარახუნდა. მიუხედავად იმისა რომ გუშინ საშინელი სიცხე იყო, დღეს ძალიან ცუდი ამინდით დაიწყო დილა. ვიფიქრე გამოიდარებს მეთქი და მაისურით წავედი უნივერსიტეტში. თუმცა გამოიდარა კი არა, გალუმპულმა ვიარე მთელი დღე და ძალიან შემცივდა.

ჩემს სახლთან ერთი პატარა მაღაზიაა, როდესაც მეზარება სხვაგან წასვლა და პროდუქტების ყიდვა იქ შევდივარ ხოლმე. მოლარედ ერთი პოლონელი ქალი მუშაობს, დაახლოებით 55 წლის იქნება. როდესაც გაიგო, რომ საქართველოდან ვიყავი ძალიან გაუხარდა, ლამაზი მხარეაო, და სიამოვნებით წავიდოდიო, მაგრამ ჩემს შვილებს ევროპის ქვეყნებში სიარული ურჩევნიათო. მოკლედ მე და ეს ქალბატონი დავმეგობრდით :). დღესაც მივაკითხე მაღაზიას, წვენის და რაიმე გემრიელი სითხის ყიდვა მინდოდა. საერთოდ ძალიან მიყვარს სადილების მზადება, მაგრამ გავზარმაცდი და აღარაფერს ვაკეთებ. ამიტომ ხშირად ვყიდულობ კიტრს და პომიდორს, რადგან სალათის მომზადება ადვილია და 5 წუთი სჭირდება მხოლოდ. დღეს კი არ ვაპირებდი, სასალათე პროდუქტის ყიდვას, რადგან მქონდა სახლში. როგორც ჩანს ამ ქალბატონმა ჩემი მენიუ დაიმახსოვრა, და აი რატომ... სალაროსთან რომ მივედი, ამ პაკეტში ჩალაგებული, დაახლოებით 1 კილო პომიდორი და კიტრი დამიდო დახლზე. ვიფიქრე შეეშალა და ამიტომ ჩამილაგა. ვუთარი რომ არ ვაპირებდი ყიდვას, მან კი მიპასუხა: -არა ეს ისე, შენ წაიღეო, ამის არ გადაიხადოო.

წარმოგიდგენიათ ჩემი გაოცება? ძალიან გამიკვირდა, თბილისშიც კი არავის შემოუთავაზების მსგავსი რამ, არასოდეს! აქ კი სრულიად უცხო ადამიანი ასე მოიქცა. ძალიან, ძალიან გამიხარდა და რაღაცნაირი სასიამოვნო განცდით დავიმუხტე.

ახლა გამახსენდა, კიდევ ერთი შემთხვევა, ისიც არშავაში. საშობაოდ როგორც იცით დიდი ფასდაკლებებია ხოლმე, და საახალწლო ნივთების საყიდლად სავაჭრო ცენტრში წავედი. წვრილმანი რამეები მინდოდა, სათამაშოები და ასეთი ნივთები. ყველაფერი ღირდა 1 ზლოტი, ანუ დაახლოებით 60 თეთრი. ძალიან სასაცილო ფასები იყო, და ხალხის შესაბამისი რაოდენობაც იყო. ავიღე რამდენიმე ნივთი და დავდექი სალაროს რიგში. ერთი ქალბატონი მოვიდა და მთხოვა რიგი დამკავებინა, თან რამდენიმე ჩანთაც დამიტოვა. რამდენიმე წუთის მერე, მოვიდა დატვირთული და ხელში ეკავა სათამაშო - ძროხაზე გადამჯდარი სანტა. ძალიან მომეწონა, ვკითხე კიდევ თუ იყო მსგავსი სათამაშოები და მიპასუხა რომ აღარ არისო. რას ვიზამდი, გადავიხადე ჩემი არჩეული ნივთების ფული და უკვე წამოსვლას ვაპირებდი, რომ ამ ქალბატონმა მომაბრუნა, და ძროხა მომცა. გამიკვირდა რატომ მაძლევდა, და კითხვაზე მიპასუხა: ''ეს ჩემგან სამახსოვროდ, მე კიდევ ვიყიდი სხვა რამეს''. ისეთი გაოგნებული დავრჩი, მხოლოდ მადლობის თქმა მოვასწარი და ის ქალი უკვე აღარ ჩანდა. წამოვედი გაღიმებული და დაკვირვებული, და აბა რა გასაკვირია, რომ ეს სათამაშო ეხლა უკვე ძალიან მიყვარს, და დღემდე დაბრძანებულიასაპატიო ადგილზე :).

ასეა, ხანდახან გხვდება უცხო, მაგრამ კეთილი ადამიანები, რომლებიც სასიამოვნო მოგონებას და განცდას გიტოვებენ.

მადლობა ჩემს ნაცნობ-უცხო მაგრამ კეთილ ადამიანებს.

ეს კი პაწაწუნა ანგელოზები, რომლებიც მაშინ ვიყიდე, როდესაც სანტა მივიღე საჩუქრად.

2 კომენტარი::

Sophie שרה Golden said...

მეც გამომიცდია მსგავსი რაღაც. ძალიან სასიამოვნოა და თან მთელ ერზე გექმნება ისეთი შთაბეჭდილება, როგორც ის ერთი ადამიანი გექცევა. შენი მონაყოლით მე, მაგალითად, პოლონეთი ძალიან მომეწონა და დათვალიერება მომინდა, არადა აქამდე რაღაცნაირი უარყოფითი შთაბეჭდილებაც კი მქონდა.

ზიზი said...

კი მართლა ასეა, ეს ქალი ალბათ არასოდეს დამავიწყდება...
დასათვალიერებელი ბევრია, მაგრამ ზამთარში არ გირჩევ, ძალიან ცივა.
მაგრამ ზამთარიც კარგია, თბილ ნახევრად ჩაბნელებულ ბარში რომ შეხვალ, გემრიელ სუპს რომ მიირთმევ და ცოტა სასმელსაც , რომ დააყოლებ.. ძალიან სასიამოვნოა, მაგრამ ყინვები გელოდება გარეთ:).

ნამდვილად კარგი ხალხია, ხანდახან სამოთხე მგონია, თითქმის არასოდეს მომისმენია კამათი ქუჩაშ, ყველა ჩმად დაფუსფუსობს, და ზედმეტად ხმამაღლაც კი არ საუბრობენ, სიმშვიდე სუფევს. შეიძება ვაზვიადებ, მაგრამ საქართველოდან წამოსული ადამიანისთვის ნამდვილად სიმშვიდეა.

 

შეიყვარო Template by Ipietoon Blogger Template | Gift Idea